პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საქმიანობას გაეცნენ

ნდობის ჯგუფის სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, შენგელი ფიცხელაურმა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაკიძემ, სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სხდომაზე განიხილეს სასწავლო ცენტრის სტრუქტურა და ამოცანები, სპეციალური მომზადების პროგრამების სპეციფიკა, ინსტიტუციური შესაძლებლობები, მათ შორის, ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები. პრიორიტეტების და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

„საფრთხეების პროგნოზირებაში, შეფასებასა და განეიტრალებაში უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დასაყრდენი და უპირატესობა არის მისი ადამიანური კაპიტალი. ესენია მამაცი პროფესიონალები ღია და ფარული შემადგენლობიდან. უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო განათლებისა და უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა, მომზადება და იმ მიმართულებებით დასაქმება, სადაც მათი შესაძლებლობები მაქსიმალური შედეგის მომტანია. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები ვითარდებოდეს, იხვეწებოდეს საფრთხეების ცვალებადობის პარალელურად, მუდმივ რეჟიმში ადაპტირდებოდეს უსაფრთხოების გარემოსთან და პასუხობდეს უსაფრთხოების ახალ საჭიროებებს. სწორედ ამ ამოცანების შესრულებაში, განსაკუთრებული და ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება ახალ სასწავლო ცენტრს და მის სპეციალურ პროგრამებს.
ხაზგასმას იმსახურებს ერთის მხრივ ის ნაბიჯები, ის აქტივობები, რაც დაარსებიდან ასეთ მოკლე პერიოდში გადაიდგა ცენტრის მიერ და მეორეს მხრივ ინსტიტუციური გაძლიერების მუდმივი პროცესი და ხარისხი, რასაც უსაფრთხოების სამსახურმა ცენტრის დაარსების შედეგად მიაღწია. უსაფრთხოების სამსახურის ეს გამორჩეული სტრუქტურული ერთეული, საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს უსაფრთხოების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

სხდომას ნდობის ჯგუფის წევრები, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები