ლიტერატურული კონკურსი „სხვიტორი“ გამოცხადდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს – „სხვიტორი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსი ფართომასშტაბიანია. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. საკონკურსოდ დაიშვება გამომცემლობებისა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2022 წელს ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებები. კონკურსის დანიშნულებაა, დააფასოს შემოქმედებითი ინტელიგენცია, წაახალისოს ახალგაზრდები, ხელი შეუწყოს ახალი ტალანტების გამოვლენას, ლიტერატურული პერიოდიკისა და გამომცემლობათა მოტივაციის ამაღლებას.
პრემია „სხვიტორი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
პოეზია – წლის საუკეთესო კრებული/პოეტური ციკლი – 500 ლარი;
პროზა – წლის საუკეთესო წიგნი/ნაწარმოები – 500 ლარი;
კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა – წლის საუკეთესო წიგნი/სტატიები – 500
ლარი;
საყმაწვილო ლიტერატურა – წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი/ნაწარმოები –
500 ლარი.
გარდა აღნიშნული ლიტერატურული პრემიებისა, დაწესდა „აკაკის მედალი“ – 1000 ლარი.
„აკაკის მედალი“ გაიცემა აკაკის შემოქმედების კვლევასა და კულტურულ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის, ასევე მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
საკონკურსო მასალების გამოგზავნა აუცილებელია როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით. მასალები მიიღება 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ლაურეატთა დაჯილდოება მოხდება 21 ივნისს, სხვიტორში, აკაკის დაბადების დღეს.
საკონკურსო მასალები (ნაბეჭდი სახით) იგზავნება შემდეგ მისამართზე: 4000, საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფ. სხვიტორი. ს.ს.ი.პ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი.(ლიტერატურული კონკურსისათვის – „სხვიტორი“).
ელექტრონული ვერსია იგზავნება მისამართზე: asmatiiashvili@yahoo.com საკონტაქტო ტელეფონი: 577 97 79 70.