კელი დეგნანი: ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს

“ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ელჩის თქმით, ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მათ სურთ ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში.

„ყველამ ნახეთ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებები, ასევე, საქართველოს სხვა ევროპელი მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რასაც აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აკეთებს, მიმართულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მიმართ ნათელი არჩევანის მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობა არის ამ მომავლის ცენტრალური ნაწილი და ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახე აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ მისცა ქართველ ხალხს პირობა საპარლამენტო არჩევნებში, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის და რისკის ქვეშ აყენებს, შეშფოთებას იწვევს. აშშ-ში ვიცავთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი და აძლიერებს და მდგრადს ხდის მას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მათ სურთ ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ეს არის ის, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ და ეს არის ის, რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ნამდვილად გვწამს საქართველოს წარმატების და გვსურს, ვიხილოთ ეს ქვეყანა სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები