Microsoft-ი უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს
კომპანია Microsoft -ი 2023 წლის ბოლომდე უკრაინის მხარდაჭერას აფართოებს და ქვეყანას 100 მილიონი დოლარის ტექნოლოგიურ დახმარებას აღმოუჩინეს.
ამის შესახებ კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრთან, მიხაილო ფედოროვთან შეხვედრისას განაცხადა.
რუსეთის შეჭრიდან უკრაინამ “მაიკროსოფთისგან” 400 მილიონზე მეტი დოლარის დახმარება მიიღო.
აღნიშნულია, რომ კომპანიის დახმარება სამთავრობო უწყებებს დიგიტალიზაციის საშუალებას მისცემს, კერძოდ, მოხდება სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა.
“ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ “მაიკროსოფტი” უკრაინაში რევოლუციური ცვლილებების ნაწილი უკვე გახდა“, – განაცხადა ფედოროვმა.
გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში; მხარს უჭერს არაკომერციულ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს; აწვდის მონაცემებს და მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას და იძიებენ სამხედრო დანაშაულებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და სხვა.