რომან გოცირიძე: გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ, მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეტიკურ-ეგზისტენციალური
კვლავ გახშირდა მოწოდებები პარლამენტის დატოვების შესახებ. მოტივი სხვადასხვაა, გულუბრყვილო-სენტიმენტალურიდან დაწყებული, პრაგმატულ-ეგოისტურით დამთავრებული. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწოდება ცოტა განსხვავებულია, პათეტიკურ-ეგზისტენციალური, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, თუმცა, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი ხავსის ტოლიც არ არის.
„პარლამენტის დატოვებაში გამოსავლის ძიება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას ჰგავს, ან კიდევ უფრო უარესიცაა – ხავსს მატერიალური შემადგენელი მაინც აქვს, ამ ქმედების პრაქტიკული შედეგი კი ხავსის ტოლიც არ არის. მსგავსი ნაბიჯი შეიძლება, რაღაცის დამაგვირგვინებელი ყოფილიყო. ახლა, მიზეზების ძიებას რომ არ მოვყვე, ეს უკვე გვიანია. ვემზადოთ არჩევნებისთვის და გამოვიყენოთ პარლამენტის მწირი რესურსი გასაძლიერებლად. მწირი იმიტომ, რომ თავად ოპოზიციამ შევუწყვეთ ხელი, ასეთი გამხდარიყო“, – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები“. „პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ნამდვილად დაძაბავს და მოახდენს ლუსტრაციას“