მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია.
პარლამენტის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის პარლამენტის (ეროვნული საბჭო) თავმჯდომარის მოადგილე გაბორ გრენდელს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირა მარცინკოვასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს იურაი კრუპას შეხვდა, ასევე, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის „გლობალური უსაფრთხოების ორგანიზაციის” (GLOBSEC) მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში – „საქართველოს ევროპული მომავალი და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა”, რომელსაც აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კოლეგებთან შეხვედრებისას, განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა და საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოების კუთხით მიღწეული პროგრესი.
მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგებს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის აქტივობების, ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების და ზოგადად, ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით.
ასევე, განიხილეს უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე რეგიონის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. შეხვედრებისას, სლოვაკმა პარლამენტარებმა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სლოვაკეთში ვიზიტის მიზანი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სლოვაკეთის მხარდაჭერის განმტკიცება, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, სლოვაკური აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატების, ხედვებისა და მოლოდინების გაცნობა.