როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც სასტუმროში თავი აიფეთქა – ექიმის კომენტარი
მამაკაცი, რომელმაც აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო “ლუქსში”, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმმა, გიორგი ბერიაშვილმა განუცხადა.
მედიკოსის თქმით, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.
„პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად, აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდგომარეობა არის კრიტიკული. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად, მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო, კომა იყო გამოხატული, ამიტომ, თვითონ ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში”, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თავის აფეთქება სცადა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ნომერი დაიქირავა, სადაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.