ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში შესაძლოა, რელიგიის სწავლება დაიწყონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა, ინალ გაბლიამ განაცხადა, რომ ე.წ. რესპუბლიკის სკოლები მზად არიან, პროგრამას “ახალი აღთქმა” დაემატოს.
ამის შესახებ მან სასულიერო სასწავლებელში მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღების ცერემონიაზე განაცხადა.
„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის სკოლები მზად არიან, წმინდა წერილი სასწავლო პროგრამაში ჩასვან“, – განაცხადა მან.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ბიბლიის, წმინდა წერილის, სახარების გაცნობა სკოლის სკამიდან დაიწყება.
„ეს არ არის დროის მოთხოვნა. ეს არის ჩვენი მოვალეობა, როგორც მართლმადიდებლების, როგორც ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ წმინდა მიწაზე, სადაც ქადაგებდნენ იესო ქრისტეს მოციქულები. ჩვენი ამოცანაა, მივიტანოთ ეს ცოდნა ახალგაზრდა თაობაში, რომ ამას სკოლიდან მიეჩვიონ“, – განაცხადა მინისტრმა.
გაბლიამ ასევე ისაუბრა ბელარუსის სკოლებში ბიბლიის შესწავლის დანერგვის წარმატებულ გამოცდილებაზე, სადაც ცოტა ხნის წინ, ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.