17 მსჯავრდებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს
2014 წლის 10 თებერვლის ღამით სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის ჩვიდმეტივე მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისიდან ჩასულმა პენიტენციალური ჯანდაცვის გუნდმა, გეგუთის N14 დაწესებულების ექიმებთან ერთად, დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.