ვახტანგ კაპანაძე: თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას გარისკავს

“თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას გარისკავს და არა ტაქტიკურ-ბირთვულისას. თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკურ ჭურვს იგივე ეფექტი იქნება, რაც მასირებული დაბომბვის შემთხვევაში”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთის პროგრამა-მინიმუმია, შეინარჩუნოს ის რეგიონები, რომლებიც ახლა აქვს დაკავებული და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

“ირანული დრონების უკრაინაში გამოყენებას რუსეთის ახალ სტრატეგიას ვერ ვუწოდებ. ომში ყველა მხარე ცდილობს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. ომის დასაწყისში, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები არ ჰქონდა და დაზვერვით სამხედრო უპილოტოს, “ორლანს” იყენებდა. შემდეგ გადაკეთება სცადეს, “სკალპერი” დაარქვეს და დამრტყმელ უპილოტოდ იყენებდნენ, მაგრამ უშედეგოდ, უკრაინას აშკარა უპირატესობა ჰქონდა. ამიტომაც შეუთანხმდნენ ირანს თვითფეთქებადშაჰიდებზე”, უკრაინა კი მზად არ აღმოჩნდა დამრტყმელი დრონების მოსაგერიებლად, მით უფრო, რომ დრონები, ძირითადად, უკრაინის ზურგში მუშაობს, მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები, ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსებია. თავდაპირველად, საცდელად 60 ერთეული შეიძინეს, შემდეგ 2400-დან 2500-ზე ავიდნენ, რასაც უკვე ირანიც აღარ უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, თავისი მოქმედებით. პირველ ეტაპზე რუსეთი მათ ფრონტის წინა ხაზზე იყენებდა, რაც უკრაინელებმა მოიგერიეს, რადგან ჰქონდათ ჰაერსაწინააღმდეგო სამხედრო საშუალებები. თუმცა როდესაც დრონები რუსეთმა ქალაქების სიღრმეში ინფრასტრუქტურას დაუშინა, ჰაერსაწინააღმდეგო მძიმე ტექნიკისგან განსხვავებით, უკრაინამ მცირე ზომის ტაქტიკური მფრინავი ობიექტების ნაწილი ვერ მოიგერია.

“ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუნდაც ის, რომ ყოველ ჯერზე რამდენიმე ათასიანი დრონის წინააღმდეგ მილიონიანი რაკეტის გაშვება არც ეფექტურია და ფინანსურადაც წამგებიანი. კიდევაც რომ გაესროლათ, შედეგი მაინც საეჭვო იქნებოდა, რადგან ის დანადგარები სამხედრო ავიამოიერიშეებისა და რაკეტების მოსაგერიებლად არის განკუთვნილი. უკრაინელების ცდა ფუჭი ნამდვილად არ ყოფილა, 70%-ზე მეტი ჩამოყარეს, მაგრამ ყველას განეიტრალება რთულია, მით უფრო, თუ დარტყმები ქვეყნის ზურგშია. სწორედ ეს გათვალა რუსეთმა. ფრონტის ხაზზე არაერთი მიმართულებით სრული გარღვევა ჰქონდა და გამოსავალი იპოვა – ქვეყნის სიღრმეში დაარტყა უკრაინას, იქ მიყენებული დარტყმა კი ბევრად მტკივნეულია, რადგან მოსახლეობა ზარალდება. საცხოვრებელი კორპუსების ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ელექტროსისტემების უდიდესი ნაწილი, ჩაბნელდა ქალაქები და დასახლებები.

რუსეთის პროგრამა-მინიმუმია, შეინარჩუნოს ის რეგიონები, რომლებიც ახლა აქვს დაკავებული და აიძულოს უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ამასობაში კი სამხედრო ძალების გადაჯგუფებისთვის, თავმოყრისა და მომზადებისთვის დრო მოიგოს და როგორღაც მოემზადოს. პროგრამა-მაქსიმუმი შეიძლება იყოს სოლედარ-ბახმუტის რაიონის აღება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონის მიმართულებიდან უკუგდება და ევროპის იძულება, რომ ზელენსკიმ როგორმე დაიწყოს რუსებთან მოლაპარაკება. რუსეთში მალე საშემოდგომო გაწვევა იწყება, არმიას 120 ათასი კაცი შეემატება. მომავალ წელს კიდევ შეუძლია ნახევარი მილიონის მობილიზაცია. უკვე მცირეა იმის იმედი, რომ ომი მალე დასრულდება. ახალწვეულების ომში ჩართვა შეტევითი ბრძოლებისთვის ნაკლებეფექტიანია, მაგრამ თავდაცვით პოზიციებში დაცვის სიმჭიდროვის შენარჩუნება შეუძლიათ. რაც უნდა ლოთი ან ბომჟი იყოს, ავტომატსა და მიმართულებას თუ მისცემენ, გახსნის ცეცხლს. გარდა ამისა, ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებისას თუნდაც მოუმზადებელი კადრი, რომელიც პირველი დღეების წნეხს გადაურჩება, ბრძოლის ველზევე იღებს გამოცდილებას და მისი კვალიფიკაცია იზრდება, ომს ეჩვევა და ბრძოლასაც სწავლობს. თავდაცვაში მასასა და რაოდენობას ყოველთვის აქვს ეფექტი, უპირატესობის მოპოვებისთვის კი მასის კარგად მომზადებაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება. დრონებით იერიშის კიდევ ერთი მიზანია უკრაინის მოსახლეობა ომით გადაიღალოს და ხელისუფლებას მოლაპარაკებაზე დათანხმება მოსთხოვოს. ამას გარდა, ევროპაც გადაიღლება უკრაინის დახმარებით და იმ ენერგეტიკული კრიზისით, რაც უკვე ისადგურებს ევროპაში. უკვე არავინ ფიქრობს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. არც უკრაინელებს ჰგონიათ, რომ რუსეთი ირანულ დრონებზე შეჩერდება და ახალ საშუალებას არ გამონახავს ახალი შეტევისთვის. ამის არ სჯერათ ნატოშიც. აგრესორის შემხვედრ ნაბიჯებზე იქაც მუშაობენ. ირანული “შაჰიდები” განსაკუთრებული საბრძოლო საშუალება არ არის, თუმცა უპირატესობა აქვს – მათი დანახვა უჭირს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების დიდ რადარებს, თანაც რუსები მათ ჯგუფურად, უმეტესად სამ-სამად ან ოთხ-ოთხად უშვებენ და რელიეფს აყოლებენ. მაგალითად, დნეპრის კალაპოტს მიჰყვება და შემდეგ ადის სიმაღლეზე. დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ხმაც დაბალი აქვს. ვიზუალურად მხოლოდ ახლო არეალში ჩანს, ამიტომაც უკრაინელები ზოგჯერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობენ მის ჩამოგდებას.

უკრაინელებს აქვთ ცოტა მოძველებული, მაგრამ მაინც საზენიტო დანადგარები ნელა მფრენი ობიექტებისა და დაბალი სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავების გასანადგურებლად და შეუძლიათ მისი გამოყენება. მაგალითად, უკრაინის არსენალშია ძU-23, რუსული კალიბრის ტყვიამფრქვევები, რომლებიც სამფეხებზე მაგრდება და ადვილი გამოსაყენებელია. ამასთან, დასავლეთში უკვე ლაპარაკობენ დაჩქარებულ დახმარებაზე. ნატოც ჰპირდება მხარდაჭერას. სავარაუდოდ, დრონსაწინააღმდეგო იარაღსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს მიაწვდიან, რათა დროულად აღმოაჩინონ, გააფრთხილონ და მიმართულებაც მისცენ. ამის შემდეგ მათი განეიტრალება იმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევითაც შეიძლება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილება. ნებისმიერი იარაღის წინააღმდეგ შეიძლება კონტრზომების მიღება. მთავარია, რამდენად სწრაფად მიიღებენ დახმარებას, რამდენად დროულად მიაწვდის ნატო საჭირო შეიარაღებას, ვინაიდან როგორც სამხედრო ალიანსი, ასევე ევროპის ქვეყნები ოპერატიულობით არ გამოირჩევიან. იქ ბიუროკრატიული ბარიერები ჯერაც ძლიერია. ამასობაში კი ირანული დრონები უკრაინას ბომბავს.

ირანის დახმარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ირანი დასავლეთისგან მისთვის რაღაც სასარგებლოს ელოდა, მაგრამ შეცდა, ამიტომაც რუსეთისკენ შეტრიალდა. ამერიკის სანქციებისგან თავის დასაღწევად ირანმა განაცხადა, რომ შეუერთდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კომერციული, სატრანზიტო და ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. გარდა ამისა, ირანს თავისი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ის ვერტიკალური ღერძი, რომელიც ახლა ამიერკავკასიაში ყალიბდება – რუსეთი, სომხეთი, ირანის სახით – ძალზე საფრთხილოა საქართველოსთვის, რომელიც მურმანის ეკალივით შუაშია მოქცეული. იმედია, ვინმე მსჯელობს ამაზე ხელისუფლებაში. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, რუსეთი სახმელეთო კავშირის დამყარებას შეეცდება. ამის საფრთხე არის. ამ გზას ირანის მონაწილეობის გამო პოლიტიკური დატვირთვა მიეცა.

თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ოპერატიულ-ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას გარისკავს და არა ტაქტიკურ-ბირთვულისას. თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკურ ჭურვს იგივე ეფექტი იქნება, რაც მასირებული დაბომბვის შემთხვევაში. ბევრს ვერ გამოიყენებს, რადგან მყისიერი საპასუხო დარტყმა მოჰყვება, მაგრამ ერთი გასროლითაც მიიღებს შოკურ ეფექტს. ამიტომაც არის ნატო გაასკეცებული ყურადღებით. კიდევ ერთი – თუ რუსეთმა ხერსონი დაკარგა, მოსალოდნელია კახოვკის წყალსაცავი გაუშვას და ხერსონიანად 80-ზე მეტი დასახლება წყალში აღმოჩნდება, რასაც დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ასე რომ, პუტინს რაღაც გზები რჩება, ოღონდ უპირატესობის მოსაპოვებლად კი არა, დროის მოსაგებად და სამხედრო დაპირისპირების გასახანგრძლივებლად. ნატოს ბირთვული ძალების წვრთნა ნიშნავს, რომ რუსული ბირთვული შეტევისთვის სრულ მზადყოფნაშია. თუ ერთ მხარეს აქვს ატომური იარაღის გამოყენების პოტენციალი, მეორე აჩვენებს, რომ პასუხისთვის მზად არის. “ცივი ომის” პერიოდში ატომური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც ერთი მხარე არ ლაპარაკობდა, მაგრამ ომისთვის ორივე ემზადებოდა. უკეთესი უნდა გსურდეს, მაგრამ უარესისთვის ემზადო… რუსეთი წამსვლელია ამ საფრთხეზე, ნატოში კი პასუხისთვის უნდა ემზადონ“,- განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები