ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრისას, განხილვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი, მიმდინარე რეფორმები მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესი.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გრძელდება ვიზიტები საქართველოში. ამჯერად ჩვენ ვმასპინძლობთ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტების მთავარი მიზანია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, თავიანთი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინაიდან ევროკავშირის გაფართოებასა და ახალი წევრი ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საბოლოოდ, ევროკავშირი იღებს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მხარეებმა შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და უკრაინაში, რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს სუვერენიტეტის, საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ევროინტეგრაციული კურსის მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს. მათ ქართულ მხარეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრაში, საქართველოს პარლამენტიდან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე მაკა ბოჭორიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და კომიტეტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მონაწილეობდნენ.
დელეგაციის შემადგენლობაში ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რაიჰარდს კოლი და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაიმა ანდრიკიენე არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები