ირაკლი ქადაგიშვილი: არესტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი, ერმაკი, სისტემატურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებულნი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არესტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი და ერმაკი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებულნი. მისივე თქმით, არესტოვიჩის პირით გაჟღერებული მუქარა საქართველოს წინააღმდეგ რუსული იმპერიალიზმის კალკირებითაა.

„ახლახან გავიგეთ უკრაინის ხელისუფლების ლიდერის ბოლო განცხადებები, სადაც ტერმინებით „ნაში პაცანით“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და საქართველოში წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია – ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები. ანუ, ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია, წესი და შემდეგ რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული გეგმა ეს არის. არ ვსაუბრობ მთელ უკრაინაზე. ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “სლავა უკრაინა” რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის – აქ ძალიან მკვეთრი სხვაობაა. ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი გამოგზავნილი, როგორც დივერსანტი და რაკი, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ, ცდილობენ, საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან. ეს ჯგუფი არის – არისტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი, ერმაკი. ისინი, ვინც სისტემატურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული. ისინი არიან უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტი. იმის ნაცვლად, რომ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილიყო მათი მხრიდან საქართველოს მიმართ, ქვეყნის მიმართ ისმის მუქარა. ეს მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ რუსული იმპერიალიზმის კალკირებითაა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროვოცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოველების, სომხების გადარჩენა. ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები