„მინისტრის საათის” ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა

2022 წლის 20 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის” ფარგლებში გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებით.

„უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ – საქართველოს მტკიცე პოზიციებით, იქნება ეს რეზოლუციების თანაავტორობა, თანასპონსორობა თუ განცხადებებზე მიერთება ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 400-ს აჭარბებს. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა/დაასპონსორა 55 რეზოლუციას, გადაწყვეტილებასა თუ  დეკლარაციას. გააკეთა 184 ეროვნული განცხადება, მიუერთდა ევროკავშირის 139 განცხადებას, 42 სხვა ერთობლივ განცხადებასა და სხვა სახის 34 ინიციატივას,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, ომის დაწყების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში ჩამოსულ 28000-ზე მეტ უკრაინელს, სხვადასხვა სოციალური პროგრამისა და სკოლებში უკრაინულ ენოვანი სექტორების ამოქმედების გზით. ასევე, მოხდა უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების – სულ 52 ადამიანი – საქართველოში მოკლევადიანი პერიოდით (20 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით) ჩამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები