“გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა” – ოლაფ შოლცი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკას და შიმშილს იარაღად იყენებს, მაგრამ მან დასავლეთის ერთიანობის დარღვევა ვერ შეძლო.
ამის შესახებ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
კანცლერმა თქვა, რომ გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და, ამჟამად, ენერგომატარებლებზე ფასების დაწევაზე მუშაობს.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გაზზე ზღვრული ფასის დაწესებამ შესაძლოა, საპირისპირო შედეგები გამოიწვიოს. მისი თქმით, ასეთ ნაბიჯს შესაძლოა, მოჰყვეს ის, რომ გაზის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ის სხვა ბაზრებზე გაყიდონ, რის გამოც ევროკავშირის მიერ მიღებული გაზის ოდენობა შემცირდება.
ოლაფ შოლცი ამბობს, რომ “ევროკავშირმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გაზის სხვა მომხმარებლებთან, როგორებიც არიან იაპონია და კორეა, რომ ერთმანეთთან კონკურენციას აარიდონ თავი”.
“ამასთანავე, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მწარმოებლებთან მისაღებ ფასებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აშშ, კანადა ან ნორვეგია, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან უკრაინის მხარეს, დაინტერესებულნი არიან, რომ ევროპისთვის ენერგეტიკა მიუწვდომელი არ გახდეს”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.