ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჟენევაში გაიმართა

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ გააცნეს.

ღონისძიებას ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე დაესწრო.

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში. აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიზნად ისახავს ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიცირების პროცესის ხელშეწყობას“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები