შალვა პაპუაშვილი: იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა
“დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, შუა დერეფნის განვითარებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
„უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის – უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის – განხორციელების ხელშეწყობა“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.