“სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია – ჩვენი რეგიონი საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებს შორის” – პაპუაშვილი
“მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონისთვის ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შუა დერეფნის განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია – ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.
უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის. მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის – უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის – განხორციელების ხელშეწყობა.
ასევე, ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. პაბსეკის პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. მჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.