ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე: Liebe Peter, auf wiedersehen! – მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!

“Liebe Peter, auf wiedersehen! – მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ის ქართველ ხალხს ემშვიდობება.

ზარქუას თქმით, პეტერ ფიშერს შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა

“ფიშერმა ამოწურა თავისი მისია საქართველოში. სერიოზულად უნდა ითქვას, რომ მან ვერ გაართვა თავი დიპლომატიურ სამსახურს. მას შეეძლო, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, თუმცა ის აღმოჩნდა იმ წითელ ხაზებს მიღმა, სადაც არ გადადიან დიპლომატები. იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მისი მთავრობისთვისაც, იცით, რომ ის არაერთხელ ჰყავდა დაბარებული თავის მთავრობას, არაერთი შენიშვნა მისცეს. არც გაუგრძელეს, ისე დაამთავრებინეს კარიერა. ნუ, ვწუხვართ. რა უნდა ვთქვათ?! არაფერი! Liebe Peter, aufwiedersehen! მეტი რა უნდა ვთქვათ?! კარგად იყოს!

რაც შეეხება ახალ ელჩს, ვინც იქნება გერმანიიდან გამოგზავნილი – ჩვენ ერთ რამეს ვისურვებდით, ვინც ჩამოვა საქართველოში, გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხალხის ინტერესები. მეტს არაფერს ვთხოვდით ბატონ ფიშერს, რომ გაეთვალისწინებინა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები. ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ემოძრავა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და თავიანთ აგენტურულ ქსელს დახმარებოდა. ბუნებრივია, ამას არ გავუტარებდით და ამიტომაც ვამხილეთ არაერთხელ წითელი ხაზის გადაკვეთაში, ოპოზიციის მხარდაჭერაში, დაფინანსებაში. სასამართლოში იჯდა, ხალხო. აბა, სასამართლო პროცესის განხილვაზე გერმანიაში იჯდეს რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი, რა კომენტარი ექნებოდა მათ ხელისუფლებას და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობას?! აქ დაბალი ღობე ნახა. ასე დაამთავრებს ყველა – პენსიაზე გავა, ვინც არასწორად მოიქცევა და წითელ ხაზებს გადაკვეთს,” – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები