“ისრაელი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელი უკრაინას იარაღს არ მიაწოდებს, მაგრამ ქვეყნის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა ევროკავშირის ელჩებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

“ისრაელი მხარს უჭერდა და უჭერს უკრაინას, ნატოს და დასავლეთს – ეს არის ის, რასაც ადრე ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ისრაელს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა აქვს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრის თქმით, ისრაელის ხელისუფლება მსგავსი დახმარების დამატებითი პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.

“ამავდროულად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ მიაწოდებს უკრაინას იარაღს რიგი ოპერატიული მიზეზების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ ფარგლებში, რასაც ადრე ვაკეთებდით”, – დაასკვნა განცმა.

მანამდე, ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა, ნაჰმან შაიმ მოითხოვა, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს.

17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ისრაელს უკრაინისთვის იარაღი არ მიუწოდებია.

18 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა თხოვნის ნოტას გაუგზავნის, ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს.

დღეს კი გახდა ცნობილი, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს კულება სატალეფონო საუბარს ქვეყნის პრემიერთან, იაირ ლაპიდთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები