“ბელარუსი რუსეთს საფრთხეებისგან დასავლეთიდან იცავს, აფხაზეთი კი – სამხრეთიდან” – ვიდეოხიდი ბელარუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის
ოკუპირებულ აფხაზეთში Sputnik-ის პრესცენტრში სოხუმ-მინსკის ვიდეოხიდი გაიმართა თემაზე „ბელარუსი – აფხაზეთი: ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები“ შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი, ასევე, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონული უსაფრთხოების საერთო მონახაზი განიხილეს.
ვიდეოხიდის მონაწილეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო ურთიერთქმედება რუსეთსა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან.
სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ოლეგ დამენიამ აღნიშნა, რომ როგორც “აფხაზეთს, ასევე, ბელარუსს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ”.
“ბელარუსი რუსეთს საფრთხეებისგან დასავლეთის მხრიდან იცავს, ხოლო აფხაზეთი სამხრეთის მხრიდან. ასე რომ, გეოპოლიტიკური ვითარება და პოლიტიკის ჭრილში ბელარუსისა და აფხაზეთის პოზიცია, უდიდეს როლს თამაშობს“, – განაცხადა დამენიამ.
ის დარწმუნებულია, რომ “სურვილის საწინააღმდეგოდ, დასავლეთი, რომელიც რუსეთს ყველა მხრიდან სამხედრო საფრთხეს უქმნის, უბიძგებს აფხაზეთს და ბელარუსს გაერთიანებისა და ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ”.