არჩილ გორდულაძე – ნანუკა ჟორჟოლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესისხლხორცებული ნაწილია
“ნანუკა ჟორჟოლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის” შესისხლხორცებული ნაწილია,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” უპირობო ბელადის, სისხლიანი სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა არის შიდა პარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა” მხოლოდ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა. დავალებაც იყო, რომ ისინი როგორმე გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეერთებული ძალებით ებრძოლათ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდის. ამ პოლიტიკური ბანდის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვთ. ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ. შესაბამისად, ვხედავთ ამ დაპირისპირებას და ერთმანეთის შეურაცხყოფას, დაჭმას. კიდევ ერთი სერია ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს სერიალი გაგრძელდეს. მოუთმენლად ველით ახალი სერიის გამოსვლას. გვახსოვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სცადა არჩევნების გზით საქართველოს პარლამენტის წევრი გამხდარიყო. იგი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე იყო სიაშიც, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდა და გადაიქცა ერთ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, რომელიც ეთერ-ეთერ დადის, სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს იმისათვის, რომ როგორმე დეზინფორმაციის გავრცელება გააძლიეროს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შორს იყო „ნაციონალური მოძრაობისგან”. პირიქით, ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის” შესისხლხორცებული ნაწილია. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” უპირობო ბელადის, სისხლიანი სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა არის შიდა პარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა. ნანუკა ჟორჟოლიანს რა წარმატება შეიძლება ჰქონდეს, საზოგადოებამ იმსჯელოს. რა თქმა უნდა, არაფერი, ნული,” – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა.