ხარკოვი, დნეპრი, ჟიტომირი, ზაპოროჟიე, კიევის ოლქი – ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიას ისევ ბომბავენ
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის რამდენიმე ტერიტორია დაბომბეს.
კერძოდ, ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
“ხარკოვი ცეცხლის ქვეშაა – ხუთ წუთში ქალაქში აფეთქებების ორი სერია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორია თავდასხმის ქვეშაა”, – განაცხადა მან.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ მტერი ხარკოვსა და მის რეგიონს უტევს. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ასევე, სავარაუდო აფეთქება მოხდა დნეპერში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ორი დარტყმაა მიყენებული ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ვრცელდება ინფორმაცია ჟიტომირში აფეთქებებისა და ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ. აქაც ორი რაკეტა ჩამოვარდა ენერგეტიკულ ობიექტზე.
კიევის რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ასევე, ტელეგრამში ვრცელდება ინფორმაცია ზაპოოროჟიეში აფეთქებებისა და თავდაცვის სისტემების ამუშავების შესახებ.