17 ოქტომბერი ეროვნულ სასახლეში ქართული ჭადრაკის დღეა

17 ოქტომბერი ეროვნულ სასახლეში ქართული ჭადრაკის დღედ მიიჩნევა და საჭადრაკო ღონისძიებებით აღინიშნება.

ეროვნული სასახლის ინფორმაციით, 1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა! ქართული ჭადრაკის ისტორიაში ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. მას შემდეგ ნონამ მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ოთხჯერ იზეიმა.

ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან 60 წელი გავიდა.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნულ სასახლეში საჭადრაკო სეანსი გაიმართა ვახტანგ ქარსელაძის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით,ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „ნონა და სასახლე“.

ღონისძიება ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ გახსნა. მან ისაუბრა მოზარდებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს; მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონს, ნანა იოსელიანს; საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს და სხვა სტუმრებს.

საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ალექსანდრიამ და ნონა გაფრინდაშვილმა ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომებით დააჯილდოვეს.

სასახლეში აღზრდილ ორ წარმატებულ მოქალაქეს – საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილსა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატს, ოთარ ჯირკვალიშვილს გადაეცათ „წარმატებული სასახლელის“ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.

სპეციალური პრიზი გადაეცათ სასახლის ჭადრაკის სკოლის საპატიო მხარდამჭერებსა და ჭადრაკის დიდ გულშემატკივრებს: აკადემიკოს ანზორ ხელაშვილსა და ნინო რამიშვილს. ასევე, სპეციალური საჩუქარი გადაეცა გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელს, სასახლის საჭადრაკო სკოლაში აღზრდილ დავით ლობჟანიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები