კახა კალაძე – დევი მეზურნიშვილს: მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები
თბილისი მერი, კახა კალაძე „ეკო სერვისის“ თანამშრომელს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას 2 ბავშვი გადაარჩინა.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა დევი მეზურნიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები თქვენი“, – ამბობს კალაძე მეზურნიშვილთან საუბარში.
თავის მხრივ, დევი მეზურნიშვილმა დედაქალაქის მერს განუცხადა, რომ იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ფიქრობდა.
„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი“, – განაცხადა დევი მეზურნიშვილმა.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.