ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი მსვლელობისას განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპასთან დაახლოების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირს ამ ქვეყნებთან აქვს. ესაა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ისე – თვით ევროკავშირისთვის,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიზნესფორუმზე საუბარი წარიმართა საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ვიცეპრემიერმა ბიზნესფორუმზე აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.

გარდა ამისა, ვიცეპრემიერის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე. მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები