ეკა ჭყონია: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, პანდემიის დროს ყველაზე კრიტიკული სერვისებიც კი არ იყო ხელმისაწვდომი, მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევით, რომელიც 130 ქვეყანაში ჩატარდა, პანდემიის დროს ყველაზე კრიტიკული სერვისებიც კი ხელმისაწვდომი არ იყო, მაშინ, როდესაც ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ, ეკა ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმომ ხაზგასმით აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთავარ გლობალურ პრიორიტეტად გამოაცხადა.
„1947 წელს ალბერტ კამიუ წერდა, რომ „ისტორიაში იმდენივე პანდემია იყო რამდენიც ომი, თუმცა ყოველთვის ადამიანები პანდემიასაც და ომსაც მოუმზადებლები ხვდებიან“.
ცნობილია, იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთ მომზადებულები ხვალისთვის, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ დღეს.
ამ სიტყვებით მსურს გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი მონაწილეობა კონგრესში და ვიმედოვნებთ, რომ სესიები საინტერესო იქნება თქვენთვის.
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და ევროკავშირის „კოვიდ პანდემიის სოლიდარობის პროგრამას“ ფინანსური მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გამორჩეულ მომხსენებლებს და მონაწილეებს, რომელთა გარეშე ვერ შედგებოდა კონგრესი.
მადლობა პროფესორ აფზალ ჯავედს, მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტს.
უღრმესი მადლობა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ თამარ გაბუნიას.
სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პატივი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად გახსნის კონგრესს“, – განაცხადა ეკა ჭყონიამ.