წარუშლელი კვალი ქართულ ჟურნალისტიკაში – ვემშვიდობებით გულიკო ბაშარულს
გულშემზარავი ამბავი გვეუწყა ამერიკიდან – ქალბატონი გულიკო ბაშარულის მეუღლე ვაჟა გაჩეჩილაძე ავრცელებს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ.
ვინც იცნობდა ქალბატონ გულიკო ბაშარულს, შეუძლებელია, უდიდესი სინანული და სევდა არ მოჰგვაროს ამ ცნობამ.
გულიკო ბაშარული იყო განსაკუთრებული ნიჭით მადლცხებული ჟურნალისტი, ქართული ენობრივი სიმდიდრის იშვიათად მცოდნე და მგრძნობი. ბუნებით ის იყო ნამდვილი მოღვაწე, მთელი არსებით ქართული სულიერებისა და კულტურის სამსახურში ჩამდგარი პიროვნება, რომელიც თავისი არსებობით ქართულ ჟურნალისტიკაში მკვეთრ კვალს ავლებდა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მან უამრავ ჟურნალისტს გაუკვალა გზა პროფესიულ საქმიანობაში. ის სხვისი ნაწერების დამუშავებაზე უფრო მეტ დროს ხარჯავდა, ვიდრე – საკუთარ წერილებზე. 70-იანი წლების ბოლოს და 80-იან წლებში მოუწია მას გაზეთ „ახალგაზრდა ივერიელში” მუშაობა. იგი, ძირითადად, კულტურის რედაქციას უძღვებოდა. თქვენ ვერ ნახავთ წლების განმავლობაში გაზეთის ნომერს, რომელიც დახუნძლული არ იყოს ქართული ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების ამბებით და იმ დროის რჩეული ავტორების სტატიებით.
დღეს ლეგენდარული ადამიანები: აკაკი ბაქრაძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, აკაკი გაწერელია, მიხეილ თუმანიშვილი, ზინა კვერენჩხილაძე, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, ჯემალ აჯიაშვილი, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ინანიშვილი, გოდერძი ჩოხელი, ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, ნათელა ურუშაძე, ვასილ კიკნაძე, ეთერ გუგუშვილი და ასობით გამოჩენილი ქართველი იყვნენ მისი ავტორები, ისინი გულიკო ბაშარულს თამამად ანდობდნენ თავიანთი ნაწერის ბედს, მათ მოვლა-გაკეთილშობილებასა და საგაზეთო ფორმატში გადატანას.
იმხანად უამრავი თეატრი ჩამოდიოდა თბილისში: როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე უცხოეთის ქვეყნებიდან. არ მახსოვს, გულიკო ბაშარულს წინასწარ არ დაეჭიროს თადარიგი და რომელიმე მოვლენა ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ამ დარგის რჩეული სპეციალისტები აფასებდნენ ყველა მიღწევასა თუ ნაკლს. ის ჟურნალისტებს ხშირად აგზავნიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მივლინებით, რათა იქაური კულტურული კერების მაჯისცემაზე წარმოდგენა შეჰქმნოდა გაზეთის ნახევარ მილიონიან მკითხველს.
როგორი ფაქიზი და მდიდარი სულის ადამიანი იყო, ავტორებთან მუშაობისას განსაკუთრებით ვლინდებოდა. დამწყებ ჟურნალისტებს ის განსაკუთრებით ანებივრებდა, უამრავ დროს ხარჯავდა მათთან საუბარში, ხელობის დაუფლების უამრავ საიდუმლოს უზიარებდა და როგორ უხაროდა, როცა კარგ მოსავალს იღებდა. მათი წარმატებით გულით ხარობდა…
გულიკო ბაშარულს არაერთ მთავარ რედაქტორთან მოუწია თანამშრომლობამ. რედაქტორები იცვლებოდნენ, ის კი მუდამ ერთგული რჩებოდა თავისი გაზეთისა და მკითხველისა, რომელიც გაუნელებელი ინტერესით ელოდა მის აზრს, შეფასებას, დაკვირვებას. იგი ზრდიდა ცოდნით შეიარაღებულ მკითხველს, რომელიც მოვლენებში ღრმად იყო ჩახედული და ნერგავდა მათში აზროვნების, კამათის, ანალიზის კულტურას.
25 წლის წინათ იგი დაშორდა აქტიურ ჟურნალისტიკას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა მეუღლესთან, ვაჟა გაჩეჩილაძესთან ერთად.
კვალი, რომელიც გულიკო ბაშარულმა ქართულ ჟურნალისტიკაში დატოვა, წარუშლელია, რადგან მისი დახმარებით ბევრმა ჟურნალისტმა იპოვა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში… ის იყო მზიური სულით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც მუდამ მომღიმარი და კეთილმოსურნე გვემახსოვრება. შური არასოდეს გაკარებია მის ანკარა და ალალ გულს. ამიტომაც გვიმძიმს მასთან დამშვიდობება, თავს გვახსენებს მისი კეთილშობილება, სიცოცხლის უზომო თაყვანისცემა და ადამიანების ზღვარდაუდებელი სიყვარული.
ასე იცხოვრა, ასე იარა! ასეთი ადამიანები რჩეულთა სასუფეველს იმკვიდრებენ ზეციურ სასუფეველში. ჩვენ კი უნდა ვიყოთ მადლიერნი ამქვეყნიური ცხოვრებისა, რომ მათ გვერდით ყოფნის ნეტარება გვარგუნა.
ბედნიერი ხართ, ქალბატონო გულიკო, რადგან საქართველოს სიყვარულით იცოცხლეთ და მისთვის ერთგულად ნატარები ტვირთი გიმსუბუქებთ იმქვეყნიურ გზასავალს…
P. S. გულიკო ბაშარულის გამოსვენება 15 ოქტომბერს, შაბათს, 14:00 საათზე. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქ. 17.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან