საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია „ტელეკომპანია პირველის“ სიუჟეტებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელება, გუშინდელმა შემთხვევამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს

მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია „ტელეკომპანია პირველის“ სიუჟეტებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებების გავრცელება, გუშინდელმა შემთხვევამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიუჟეტში, რომელიც მომზადდა სოფელ სვიანა-როსტიანის მაცხოვრებელთა მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა არ გამოიყენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მიწოდებული წერილობითი განმარტება და სანაცვლოდ, გაავრცელა დეპარტამენტის თანამშრომლის მოდელირებული კომენტარი. მოდელირება გამოიხატა იმაში, რომ სხვა ადამიანის სატელეფონო კომენტარის ტიტრებში მითითებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა. მეტიც, გამოყენებული იყო თანამშრომლის ფოტოსურათიც. ამ შემთხვევას შეცდომად ნამდვილად ვერ ჩავთვლით, ვინაიდან, ჟურნალისტს უშუალოდ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელთან, რომელსაც ამ საკითხზე მისთვის კომენტარი არ მიუცია და სთხოვა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება. სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი, ჟურნალისტი კვლავ დაუკავშირდა დეპარტამენტის თანამშრომელს და უმტკიცებდა რომ გასული კომენტარი ნამდვილად მას ეკუთვნოდა, თუმცა, შესთავაზა სიუჟეტიდან მისი ამოღება მაშინ, როდესაც სიუჟეტი ტელეკომპანიის მთავარ გამოშვებაში უკვე გასული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები