“შეუძლებელია პუტინის ადვილად მოშორება, მაგრამ მას ფიზიკური განადგურების უკვე ეშინია” – უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი

უკრაინის ომში მარცხის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარშემო განწყობები დღითი დღე იცვლება, მას ყოველდღიურად ეზრდება კრიტიკოსთა რიცხვი, ის კი იძულებულია – თავი დაიცვას, რადგან ფიზიკური განადგურებისაც ეშინია.

ამის შესახებ, OBOZREVATEL-თან ინტერვიუში, 2005-2010 წლებში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა განაცხადა.

“პუტინის სტრატეგიული არასწორი გათვლების ფონზე და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთსა და სამხრეთში ჩვენი წარმატებების ფონზე, რა თქმა უნდა, რუსეთის ელიტაში შეიმჩნევა პუტინის კრიტიკის ძალიან ძლიერი ტენდენციები. შესაძლოა, მისი ჩანაცვლების ვარიანტიც განიხილებოდეს”, – განაცხადა გენერალმა.

მალომუჟის თქმით, პუტინს ესმის, რომ მისი რეჟიმის დასასრული ახლოვდება, ამიტომ, სპეცსამსახურებზე კონტროლს აძლიერებს.

“მას ხუთი სპეცსამსახური ჰყავს, რომლებიც აკონტროლებენ ელიტას, მის გარემოცვას და ასევე აკონტროლებენ ერთმანეთს. ის ცდილობს – გადარჩეს, შექმნას ახალი პირობები უკრაინაში შეტევითი ოპერაციებისთვის მობილიზებით, ტერიტორიების „ანექსიით“, პროვოკაციებით ყირიმის ხიდთან და მასიური დარტყმებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს რუსების მობილიზება უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, გარემოცვას აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქტიურია, ცოცხალია, ბრძოლისუნარიანია. მესამე, ის მზად არის, თავი ფიზიკურად დაიცვას, რადგან ახლა შეიძლება, იყოს ფიზიკური ხასიათის საფრთხეებიც. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ის გადარჩენას შეძლებს. ის გააკონტროლებს გარემოცვასაც, სპეცსამსახურებსაც, სამხედროებსაც, რეგიონების წარმომადგენლებსაც, სადაც მის წინააღმდეგ ისმის ხმები“, – განაცხადა მან.

გენერალმა აღნიშნა, რომ პუტინი ქმნის მრავალდონიან კონტროლის სისტემას. მაგალითად, FSB აკონტროლებს მილიონზე მეტ თანამშრომელს ყველა რეგიონში და ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს ელიტას, მათ ყველა მოქმედებას და გადაადგილებას.

“ამიტომ, შეუძლებელია პუტინის ადვილად მოშორება, მაგრამ გამოჩნდა ტენდენციები – როგორც სამხედრო, ასევე, სპეცსამსახურებშიც. რა ეტაპზე შეიძლება, ეს იყოს? იმ ეტაპზე, როდესაც ის სწრაფად დაკარგავს პოზიციებს ფრონტზე დიდი დამარცხების ფონზე. პირველი მარცხები ელიტებისთვის სიგნალი იყო. ისინი უკვე ეძებენ მოლაპარაკებების ვარიანტებს დასავლეთთან, ზოგიერთი კი უკრაინასთან“, – დასძინა მალომუჟმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები