ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭრა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მესამე მოსმენით იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით მომზადდა.
„ეს გახლავთ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი შესასრულებელი ვალდებულების, რიგით მე-11 რეკომენდაციის შესასრულებლად წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპუდენციის ადგილობრივ სასამართლოებში გამოყენების წახალისებას უკავშირდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტის თანახმად, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სავალდებულო იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ერთეულის არსებობა, რომლის ფუნქციაც მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ხელმისაწვდომობაში ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პერიოდული ანალიზი და აღნიშნული მიმართულებით საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭრა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს.