ეკა სეფაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის თემატური მომხსენებლის რანგში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, სამუშაო შეხვედრა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წლის მარტში მიღებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები და მოსაზრებები მიმოიხილეს. მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაზე იმსჯელეს და განიხილეს, თუ როგორი იყო სასამართლო პრაქტიკა კანონის მიღებამდე და როგორ შეიცვალა კანონის მიღების შემდეგ. საუბარი ასევე შეეხო კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით არსებულ მთავარ გამოწვევებს.

„მომხმარებლის სამართლებრივი დაცვა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი პირობაა სამომხმარებლო დავის გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკის გაზიარება შესაძლებლობას იძლევა კომპლექსურად გაანალიზდეს სწორი მიდგომები და მიღებული იქნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ობიექტურ გადაწყვეტილებებზე”,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა. თემატური მომხსენებლის საქმიანობას ტექნიკურ დახმარებას ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility) უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები