კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

აგრარულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე და საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტი იმ დადებითი ტენდენციების საფუძველზე დაიგეგმა, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კუთხით ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიმჩნევა.
„2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შედარებით კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა და რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული. მშპ-ს პროგნოზი 79.6 მლრდ. ლარით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18.5 მლრდ. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-ზეა გათვლილი”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სამინისტროებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობები გააცნო და იმ პროგრამებზე და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების ათვისება იგეგმება. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 688 მლნ. ლარით, იუსტიციის სამინისტროსთვის – 369.4 მლნ., შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.7 მლნ, სახალხო დამცველის აპარატი – 9.3მლნ., სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური – 9.9 მლნ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – 4 მლნ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 17 მლნ. ლარით დაფინანსდება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტი მიესალმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების ზრდას, თუმცა არის მთელი რიგი პროექტები და მიმართულებები, რომელთა მიმართ დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება დგას. მისი თქმით, კომიტეტი მის დასკვნაში, რეკომენდაციის სახით, დეტალურად წარმოადგენს იმ სფეროებს, რომელთა დაფინანსების გაზრდას მიზანშეწონილად მიიჩნევს და აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და რიგ საკითხებზე განმარტებები გააკეთა.

სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტების წევრებმა, საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები