ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორსა და თურქეთში ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, დოქტორ ჰასან მოჰტაშამს შეხვდა. შეხვედრაზე გენდერული საბჭოს მიმდინარე საქმიანობა განიხილეს. ასევე, სამომავლო სტრატეგიების და თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე იმ მიღწევებზე ვისაუბრეთ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად განვახორციელეთ. ეს არის დეკრეტული შვებულება მამებისთვის და დეკრეტული შვებულების გაუმჯობესებული პირობები ქალებისთვის. ასევე, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ – რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და დეკრეტული შვებულების და ოჯახებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა, რაც თავისთავად გულისხმობს ოჯახების და ამ შემთხვევაში ქალების ხელშეწყობას, როგორც დედობის, ასევე შემდგომ პერიოდში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის დინამიკისა და გენდერული თანასწორობის სფეროებში ძირითად საკვანძო საკითხებზე მუშაობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.