მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დომაგოი ჰაიდუკოვიჩის ხელმძღვანელობით, ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგი, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭების ისტორიული მნიშვნელობა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გადადგმული ნაბიჯები. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა, სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტს შორის 2022 წლის ივნისში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს და ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ხორვატი პარლამენტარები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარების მზაობას.
ხორვატიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით იმყოფება. საქართველოში ვიზიტის მიზანს საქართველოს მიმართ ხორვატიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ხორვატი პარლამენტარები საოკუპაციო ხაზს ეწვევიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.