შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში ბათუმში სახალხო ღონისძიების შემდეგ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში და N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო და სახანძრო, ასევე, სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრაზე დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება.
კამპანიას – „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.