მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის სეიმის დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიღების ისტორიული მნიშვნელობა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების საქმიანობა.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს. ამ ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, მცოცავ ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. შეხვედრისას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღინიშნა.
ლიეტუველ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო იობაშვილი და კომიტეტის წევრი თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ. ლიეტუვის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ლაურინას კაშიუნასი და კომიტეტის წევრები – სეიმის ვიცესპიკერი – ანდრიუს მაზურონისი და ვირგილიუს ალეკნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები