ნიკოლოზ სამხარაძე: პუტინის სურვილია, ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად და შემდგომში ამ ტერიტორიებზე ნებისმიერი თავდასხმა ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე

პუტინის სურვილია, რომ აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადოს რუსეთის ნაწილად, რუსეთის ტერიტორიად და შემდგომში ნებისმიერი თავდასხმა აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩაითვლება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პუტინს საშუალებას მისცემს, რომ შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია გაზარდოს და უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადოს.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამასთან ერთად რუსეთს საშუალება მიეცემა გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომელიც აქამდე არ გამოუყენებია.

ამასთან, CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვას – იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს შემთხვევაში საკმარისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით და რამდენად ფიქრობს, რომ იმ დროინდელმა საერთაშორისო რეაქციებმა ცალსახად წაახალისა რუსეთის შემდგომი ქმედებები, კერძოდ კი ის ქმედებები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ? – სამხარაძემ უპასუხა:

„სამწუხაროდ, 2008 წელს დასავლეთიდან და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებიდან არ იყო ადეკვატური რეაქცია რუსეთის ქმედებებთან მიმართებით (გულისხმობს იმ მომენტს, როდესაც რუსეთმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორიული ერთეულები). ამერიკასა და რუსეთს შორის ზუსტად 6 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ  რუსეთსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა რუსეთი წაახალისა. რეაქციის არარსებობამ რუსეთი წაახალისა შემდგომში უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მოეხდინა მსგავსი ქმედებები“.

გარდა ამისა, CNN-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა – იყო თუ არა გულუბრყვილო საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები, კონკრეტულად კი ნატოს წევრი ქვეყნების რეაქციები? – რაზეც სამხარაძემ უპასუხა, რომ: – „გარკვეულწილად დიახ, მათი რეაქციები იყო გულუბრყვილო“.

„ჩვენ გვჯეროდა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ქმედებები სხვანაირი იქნებოდა და მისი დამოკიდებულება საერთაშორისო ასპარეზზე შეიცვლებოდა, თუმცა, საპირისპიროდ ამ მოლოდინებისა, 90-იან და 2000-იან წლებში ჩვენ გვახსოვს რუსეთი როგორ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სახის სეპარატისტულ კონფლიქტებში. განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე – კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვაში. ამიტომ, ჩვენ საქართველოში ნამდვილად გაოცებულები ვართ იმ გულუბრყვილობით, რომელიც დასავლეთის საზოგადოებამ გამოავლინა რუსეთის მიმართ, მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები