საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

„საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხი საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი იყო და შესაბამისად რეგლამენტის პროექტის შემუშავება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კომიტეტისთვის წარდგენილი მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციისა და მასში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით მთელი რიგი რეკომენდაციები მიიღო, რასაც წინ უსწრებდა კომიტეტის მხრიდან ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევის (ნააკი) ჩატარება.

„სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. ძალიან ბევრ საკითხზე შევჯერდით და ეს ყველა საკითხი ასახულია წარმოდგენილ პროექტში. გამოიკვეთა საკითხთა ერთი წრე, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა იყო და გადაწყდა, რომ ამის თაობაზე დაინიშნება თემატური მოკვლევა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ძირითადი საკითხები, რომლებიც საპარლამენტო კონტროლის ცალკეულ მექანიზმებს მოიცავს და რომლებსაც შეეხო ცვლილებები, არის პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება.

აღნიშნული საკითხების ირგვლივ, გაიმართა მსჯელობა სამუშაო ჯგუფში და შემუშავებული რეკომენდაციები შემდეგ, კომიტეტმა რეგლამენტის წარმოდგენილ პროექტში ასახა. რეგლამენტის პროექტს უმრავლესობის წევრებთან ერთად, მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, საერთო შეფასებით, ამ პროექტის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები