პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასების რეკომენდაციები შეიმუშავა
მისი განცხადებით, მოკვლევის პროცესში თემატური ჯგუფის წევრებმა აჭარის, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში და თბილისის მასშტაბით სახელმძღვანელოების ავტორებთან, გამომცემლებთან, დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან შეხვედრები გამართა და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.
„ჩვენ მიმოვიხილეთ და შევისწავლეთ როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის, ასევე სახელმძღვანელოების, ელექტრონული რესურსების, ბიბლიოთეკების და ლაბორატორიების მდგომარეობა ზოგად განათლებაში. მოვახდინეთ კონკრეტული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და ჩამოვაყალიბეთ ის რეკომენდაციები, რომლებზეც უკვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს სკოლებში უკეთესი და ხარისხიანი განათლება შევუქმნათ”, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართა.
„განათლება არის სფერო, რომელშიც ჩვენ მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, თუ გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი ყველა. პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად დაკავებული უნდა იყოს იმ პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობით, რომელსაც თავად ადგენს. მნიშვნელოვანია პარლამენტმა ჩაიხედოს ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, შეაფასოს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თემატური მოკვლევის განხორციელების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროცესი მხარდაჭერა.
„იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო რესურსების ხარისხზე გარკვეული გამოწვევები არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს კვლევა ძალიან დროული იყო. ჩვენ ამ პროცესს როგორც ექსპერტული ცოდნით, ასევე რეგიონებში გასვლით და იქ დისკუსიების გამართვის თვალსაზრისით დავეხმარეთ. იმედი გვაქვს, რომ თემატური ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების აქტიურად იქნება გაზიარებული და მათ შესრულების მიმდინარეობას პარლამენტი ყურადღებით დააკვირდება”, – აღნიშნა გიგი ბრეგაძემ.
ჯგუფის მიერ მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიში და რეკომენდაციები საზოგადოებას მთავარმა მომხსენებელმა, თამარ ტალიაშვილმა გააცნო. მისი ინფორმაციით, მუშაობის პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 30-მდე სამუშაო შეხვედრა და ზეპირი მოსმენა გაიმართა და შეხვედრებზე გამოთქმული საჭიროებების საფუძველზე ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდა.
„თემატური მოკვლევის ჯგუფმა მასშტაბური მოკვლევა განვახორციელეთ, რომელიც სასკოლო და საგანმანათლებლო რესურსების თითოეულ სპექტრს მოიცავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოკვლევა ეფუძნება მაღალმთიან რეგიონებში მცირე კონტინგენტიან სკოლებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ადგილებზე გამართულ შეხვედრებს და ასევე იმ მიღწევებს, რომელიც უკვე აქვს ჩვენს განათლების სისტემას. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგად არაერთი საინტერესო მიგნება და რეკომენდაცია გამოვლინდა, რომელიც თემატური მოკვლევის ანგარიშში ავსახეთ და რომლებიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ. დღეს განათლების სისტემაში გარდამტეხი ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევა განათლების სფეროს რეფორმირებას კიდევ უფრო დაეხმარება”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.