არჩილ თალაკვაძე: წლების განმავლობაში, „ნაცმოძრაობა“ „დასატენად“ იყო მიერთებული ჯერ სააკაშვილზე და შემდეგ კეზერაშვილზე, რომლებიც „შავი ფულით“ ამარაგებდნენ პარტიას და ტელევიზიებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს გნებავთ დაარქვით დაშლა, გნებავთ დადნობა, მაგრამ ეს არის კანონზომიერი და რატომ?! – პარტიას არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, არ ჰყავს მომავლის ლიდერები და არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი განცხადებები და ნაბიჯები ორიენტირებულია წარსულსა და დესტრუქციაზე.

„წარსულში მათ აქვთ კომპლექსი – მარცხი, რომელიც 2012 წელს განიცადეს და ვინც დაამარცხა იმ ადამიანებთან შურისძიებით ცხოვრობენ ამ წლების განმავლობაში და მეორე – დესტრუქციით არიან დაკავებული. მათ აქვთ ერთადერთი მცნება – „რაც ჩვენი გაკეთებული არ არის, არ ვარგა“. როდესაც ასე ხელმძღვანელობ – პარტია დაგეშლება. ამ კრიზისმა გამოაჩინა ის, რომ ამ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ „დასატენად“ იყო მიერთებული ჯერ სააკაშვილზე, რომელიც როგორც ჩანს, გამოჩნდა რომ მაღალი ალბათობით „შავი ფულით“ აფინანსებდა პარტიას და მასთან დაკავშირებულ ტელევიზიებს და დასატენად იყო მიერთებული კეზერაშვილზე, რომელიც (მათი განცხადებებით იკვეთება) „შავი ფულით“ ამარაგებდა პარტიასა და ტელევიზიებს. არავის ეგონოს, რომ ამ პროცესებში მთავარი ეს პარტია იყო და შემდეგ პარტიას ჰყავდა თავისი ტელევიზიები და ა.შ. ეს ასე არ იყო. დღეს ნათელია, რომ პარტიული ტელევიზიები იყვნენ მთავარი და პარტიული ტელევიზიები ამუშავებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც პარტიას და ამ წლების განმავლობაში ეს იყო ერთი კაცის პარტია. როგორც კი ეს ერთი კაცი იპოვეს საბაჟოზე, დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს, მაშინვე, ამ პარტიამ დნობა დაიწყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, აშკარად იკვეთება, რომ დავით კეზერაშვილს ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ მელიასთან ან ხაბეიშვილთან, არამედ მას ურთიერთობა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრთან და ცდილობდა რამდენიმე ხელით ემართა სიტუაცია სხვადასხვა ფიგურის გამოყენებით.

„ეს არის მელიას ჯგუფი, ეს არის ხაბეიშვილის ჯგუფი, ხატია დეკანოიძე და პარლამენტის ხაზი, ეს არის ის პარტიები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დღეს ცალკე გავიდნენ. ახლა მიმდინარეობს კეზერაშვილის გადანაწილების პროცესი . დღეს ეს ჯგუფები ვერ ინაწილებენ კეზერაშვილს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები