კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის, გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, ჯიბსონ ხუნდაძის, გარდაცვალების გამო.
„საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ჯიბსონ ხუნდაძე XX საუკუნის 60-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. ცნობილმა მხატვარმა და პედაგოგმა ახალგაზრდობაშივე გამოავლინა განსხვავებული მხატვრული ხედვა და შემოქმედებითი თავისუფლება. მისი პერსონალური გამოფენები პერიოდულად იმართებოდა საქართველოში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, რუსეთში, უკრაინაში, ისლანდიაში, შვეიცარიაში. ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში.
ჯიბსონ ხუნდაძემ მიიღო არაერთი პრემია და ჯილდო: ღირსების ორდენი (1997), ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია (2002), საქართველოს სახელმწიფო პრემია (2002), საქართველოს ეროვნული პრემია (2009); არის მსოფლიოს VI ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის” ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი (1999).
ჯიბსონ ხუნდაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ ქართველ საზოგადოებას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები