ირაკლი კობახიძე: საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია

საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია – საკმაოდ დიდია შემთხვევების რაოდენობა, რაც მოქალაქეების უკან გაბრუნებას უკავშირდება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, საიდანაც დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ქართველია.

„ბევრი ადამიანი, ვინც იქ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოვიდა. ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები. მთლიანობაში, რუსი და რუსეთის მოქალაქე, შეიძლება მაქსიმუმ 20 ათასი კაცი იყოს. საუბარი, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, კომიკურია. ცარიელი სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ 3-ჯერ სცადა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კამპანიის აგორება და მღელვარების გამოწვევა, მაგრამ „აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა“.

„3-ჯერ სცადეს კამპანია აეგორებინათ და საზოგადოებაში მღელვარება გამოეწვიათ. ჯერ მარტში ამბობდნენ, რუსებმა თურმე წალეკეს საქართველო – აღმოჩნდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა; შემდეგ აგვისტოში ასწიეს კამპანია, როდესაც გახურებული ტურისტული სეზონი იყო – იქაც აღმოჩნდა რომ არაფერი; ახლა მესამე კამპანია ასწიეს და ეს ყველაფერიც რამდენიმე დღეში დასრულდება. მობილიზაციის პროცესი რუსეთში სრულდება და თვითონ გახსნეს ლარსთან და ჩრდილო ოსეთში მობილიზაციის პუნქტები. რამდენიმედღიანი თემაა და ჩაიფუშება. ცდილობენ, საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ, ხელისუფლების გაკრიტიკებისთვის საბაბი მოძებნონ. სინამდვილეში არც მარტში იყო არავითარი პრობლემა და დადასტურდა 6 თვის თავზე, არც აგვისტოში იყო არავითარი პრობლემა და 2 თვეში დადასტურდა. დღესაც არაა არავითარი პრობლემა. ყველა სახელმწიფო უწყებას ვითარებაზე სრული კონტროლი აქვს. სტატისტიკაც კონტროლდება და საზღვარზეც მიმდინარეობს ინდივიდუალური კონტროლი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები