ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა

„ქართული ოცნება“ 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლებაა, რა დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობისას, რუსეთის გამგებლობაში არც ერთი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი არ გადასულა.

„წინა 9 წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით მივიღეთ ის შედეგი, რომ ტერიტორიების 20-% რუსეთის ფედერაციას გაატანეს. რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, გავლენების გაფართოების კუთხით. 200 სოფელი წაიღეს, რასაც შემდეგ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. ეს ასევე გამოიხატა ტერიტორიების 20-% -ის მიტაცებაში, სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების წაღებით, კომუნალური სერვისები პრაქტიკულად მთლიანად გადასცეს რუსეთის ფედერაციას. 2006 წელს ქართველების გამოსახლება და ა.შ.

რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკის შედეგებს, „ქართული ოცნება“ არის 30 წლის მანძილზე პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა – ეს არის პირველი მიღწევა. არც ერთი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი არ გადასულა რუსეთის გამგებლობაში. ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და თვითონ გააფართოვეს რუსეთის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი მმართველობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების კუთხით არ ყოფილა წინსვლა და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები