საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რომელიც სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის მარეგულირებელ აქტებს შორის იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომ სამართლებრივ აქტს.

„განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის მოძველებული ნორმები, რომლებიც ვერ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, ამასთანავე, სამართლებრივ ჭრილში შეფასების შედეგად, კანონის რიგი ნორმები ჩაითვალა არსებულ რეალობასთან შეუსაბამოდ. შესაბამისად, აუცილებელია კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციფიკიდან აღსანიშნავია დიპლომატიური თანამდებობის პირის/ადმინისტრაციულ ტექნიკური თანამდებობის პირის საზღვარგარეთ როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი მოითხოვს იმ კონკრეტულ მომენტში, შესაბამის ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატურის შერჩევასა და გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნას, რაც თავის მხრივ, როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნის პროცედურის მარეგულირებელი ნორმების გადახედვის საჭიროებას წარმოშობს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისად კანონში აისახება არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან მორგებული ნორმები. იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე დაკორექტირდა ნორმები, რომლებიც იძლეოდა ორაზროვანი გაგებისა და ასეთ შემთხვევაში კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“, – განმარტა მომხსენებელმა.

კანონპროექტის თანახმად, ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წლისა. ასევე, დაუშვებელია პირის როტაციის წესით სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ, დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაში. მინისტრი უფლებამოსილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით; დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიურ თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ცვლილების მიხედვით, უსაფრთხოების ატაშეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კანონპროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს. კანონპროექტის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს: მინისტრის პირველ მოადგილეს, მინისტრის მოადგილეს და იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და წახალისების ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად“.

როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განმარტა, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილება ეხება დიპლომატიური რანგისთვის შესაბამისი რანგის დანამატის გაცემის ვალდებულებას.

„კანონპროექტი სრულად ასახავს იმ წუხილებს, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატებს, არამედ ჩვენც პოლიტიკოსებსაც გვქონდა როტაციასთან და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ დიპლომატს ჰქონდეს ხელფასი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს დიპლომატი, რომელსაც არ აქვს შენარჩუნებული ხელფასი. ჩვენი თხოვნაა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მივლინება დიპლომატების მივლინებას გაუთანაბრდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციების და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობებში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

სხდომაზე, მხარი ასევე დაუჭირეს საქართველოს მთავრობის წინადადებას „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ (ორჰუსის კონვენცია) კონვენციის“ ქართულენოვანი ტექსტის თარგმანის კორექტირების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები