თეა წულუკიანი: სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია

„ჩვენ რასაც ვხედავთ, არის საბოლოოდ განადგურებული რადიკალური ოპოზიციის რიგები, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავამარცხეთ და დღეს მარტივ მამრავლებად არის დაშლილი”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ ველზე სახეზეა დამარცხებული და გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია.

“მთელი ეს დაჯგუფებები რეალურად უკვე არიან საბოლოოდ განლევის რეჟიმში, ერთმანეთთან დაპირისპირებაში. როგორც ჩანს, ოლიგარქი კეზერაშვილი ამ პროცესებში ცდილობს, ხელი მოითბოს, რადგან აქვს სხვებზე მეტი ფინანსური რესურსი, რომელიც სხვათა შორის, თავის დროზე ქართულ ჯარს მოჰპარა, როგორც მინისტრმა. მართალი გითხრათ, არ ვარ მასზე იმდენად დიდი წარმოდგენის, რომ ვაანალიზო, რა გეგმები აქვს კეზერაშვილს.
ფაქტია, რომ სახეზეა ქართულ პოლიტიკურ ველზე დამარცხებული და ბოლომდე გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია. ეს ქვეყნისთვის და მისი პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ დღის წესრიგს არ აქვს ამ ქვეყანაში არავითარი პერსპექტივა. ამიტომაც, თუ მათ მაგალითზე სხვა პოლიტიკური ძალები ისწავლიან, მათ შორის მაგალითად ის, ვისაც სურს, რომ მალე გამოვიდეს სცენაზე. ხომ შეიძლება, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ პოლიტიკაში ჩართვა. ამ მხრივაც საინტერესოა ეს პროცესი, რომ სხვებმა ისწავლონ იმ მაგალითზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სხვადასხვა დანაყოფს სჭირს, რომ რადიკალური დღის წესრიგი საქართველოს საზოგადოებისთვის აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები