ბჟანია იმედს გამოთქვამს, რომ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, “აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები” ახალ იმპულს იძენს.
ამის შესახებ მან ბიჭვინთაში ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„აფხაზეთში ბელარუსის მეთაურის ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს – იმაზე, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობები ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ აღიარებამდე მივალთ. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა და იმედი გამოთქვა, რომ “სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება”.