ლუკაშენკო ბიჭვინთაში ბჟანიას შეხვდა

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

მისასალმებელ სიტყვაში ბჟანიამ ლუკაშენკოს 1996 წლის იანვარი შეახსენა, როდესაც “დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოზე, სწორედ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოვიდა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ”.

„თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა- არასწორი გადაწყვეტილებაა. აფხაზეთმა ამის შესახებ იცის და აფასებს ამას. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან მოხარული ვართ თქვენი ჩამოსვლით“, – თქვა ბჟანიამ.

საპასუხო სიტყვაში ლუკაშენკომ თქვა, რომ “აფხაზეთის ნოსტალგიას ის არასდროს მიუტოვებია”.

“გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინთან. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბიჭვინთაში მისი ჩასვლა რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ უკავშირდება.

„ჩვეულებრივი მდგომარეობა გვაქვს. არანაირ გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში. და ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. სხვა გზა არ არის.

გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხმა ღირსეულად იცხოვროს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, აქ ხალხი კი წმინდანებია. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები