27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა, – ამის შესახებ საგარეო საქმეა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია – დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მინისტრმა.