„დღეს რაც უკრაინაში ხდება, ეს უკვე მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში, ადამიანების წამების ფორმები ზუსტად ერთნაირია“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
„დღეს რაც უკრაინაში ხდება, ეს უკვე მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში, ჩეჩნეთში. ეს არის რუსეთის ფედერაციის სისტემური დანაშაული“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარიამ განცხადება სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.
„დღეს მძიმე დღეა, 27 სექტემბერი. 1993 წელს ჯვართამაღლება ჩვენთვის ჯვარცმად იქცა. ის, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. მერამდენედ მოტყუებული და ბოლოს განიარაღებული საქართველო რუსეთთან ომში დამარცხდა, რომელიც გამოცხადებული არ ყოფილა, მაგრამ რეალურად ომი რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა. საუბედუროდ, საქართველო ამ უთანასწორო ომში დამარცხდა. მაგრამ, მინდა ვთქვა, ჩვენს ჯარისკაცებს, მეომრებს აფხაზეთში ომი არ წაუგიათ, ყველა მეომარი, ჯარისკაცი, ვინც ამ ომში მონაწილეობდა, განსაკუთრებით ის, ვინც საკუთარი სამშობლოსთვის თავი დადო, ყველა გმირია.
ომში დამარცხებას მშვიდობიანი მოსახლეობის არნახული, მასობრივია ხოცვა-ჟლეტა, აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის დეპორტაცია მოჰყვა. ადამიანების წამების, ისეთი ფორმები და მეთოდები იყო გამოყენებული, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომშიც იშვიათად ყოფილა. ჩვენ დღეს ვხედავთ, უკრაინაში რა ხდება, რა დანაშაულს ჩადის რუსეთი, ადამიანების წამების ფორმები და მეთოდები ზუსტად ერთნაირია, რაც უკრაინაში ხდება და რაც აფხაზეთში ხდებოდა.
თავის დროზე ვერ შევძელით, მსოფლიო საზოგადოებას ზუსტად გაეგო, რა მოხდა, აფხაზეთში რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს მაშინ მაინცდამაინც დიდად არ აინტერესებდა ის, რაც აფხაზეთში მოხდა. მაშინ ცივილურ სამყაროში ყველას მიაჩნდა, რომ რუსეთი დემოკრატიის გზაზე შემდგარი იყო. ალბათ, ჩვენც ყველაფერი ვერ გავაკეთეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს გაეგო, რა მოხდა და დამნაშავეები დასჯილიყვნენ ისე, როგორც ეს იუგოსლავიაში მოხდა.
მაგრამ, მოგეხსნებათ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთი დაისაჯოს როგორც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის, ასევე, საქართველოში 1992-1993 და შემდგომ წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ დღეებში საქართველოში პროკურორების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც გენერალურმა პროკურორმა იმის თაობაზე ისაუბრა, რომ უკრაინაში მომხდარი დანაშაულის მსგავსი დანაშაული 2008 წელს მოხდა. მაგრამ ჩვენ 2008 წლით არ უნდა შემოვიფარგლოთ და ეს ყველაფერი 1992-93 წლებში მომხდარ ტრაგედიასთან უნდა დავაკავშიროთ. როცა უკრაინაში დღეს მიმდინარე დანაშაულის გამოძიება მოხდება, აუცილებელია იმის დადგენა, ეს დანაშაული საიდან მოდის, სათავეს საიდან იღებს. ნებისმიერი ობიექტური გამომძიებელი აუცილებლად მივა იქამდე, რომ დღეს რაც უკრაინაში ხდება, ეს უკვე მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში, ჩეჩნეთში. ეს არის რუსეთის ფედერაციის სისტემური დანაშაული და არა რომელიმე ოფიცრის ჩადენილი“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
მისივე თქმით, დღეს რუსეთი მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს.
„27 სექტემბერი ჩვენთვის გლოვის დღეა, მაგრამ არა მხოლოდ გლოვის და გმირებისთვის პატივისმიგების დღეა, ასევე, ესაა მომავალზე დაფიქრების და მოქმედების დღე.
სამწუხაროდ, დღეს სოხუმში დიდი ზეიმი აქვთ დანიშნული. მაგრამ გაუგებარია, რომელ გამარჯვებას ზეიმობენ? ეს ფიქტიური გამარჯვებაა. მაშინ, როცა ომი მიმდინარეობდა, აფხაზურ მხარეს ვეუბნებოდით, რომ, მართალია, რუსეთი მათ მხარეს იბრძოდა, მაგრამ მათგან განსხვავებული, სრულიად საპირისპირო მიზნები ჰქონდა. სწორედ ასეც მოხდა. დღეს იმის მოწმეები ვართ, რომ რუსეთი მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. რეალური საფუძველი იმისა, რომ აფხაზებმა ეს დღე იზეიმონ, არ არსებობს. აქედან მივმართავ მათ, უმჯობესია, 27 სექტემბერი გლოვის დღედ ერთად გამოვაცხადოთ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად ვეძიოთ“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე