პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან იწყებს

საქართველოს პარლამენტში მომავალი კვირიდან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები საკომიტეტო განხილვის ფორმატში დაიწყება.

„საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” თანმდევ კანონპროექტთან ერთად, პლენარული სხდომა პირველი მოსმენით უყრის კენჭს.

„იმ გეგმის მიხედვით, რომელიც აქვს პარლამენტს, ჩვენ, სავარაუდო თარიღად აღებული გვაქვს 29 ნოემბერი, როდესაც უნდა მოხდეს მესამე მოსმენით ცვლილების მიღება. ჩვენ თუ პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ კანონს, შემდგომ ის გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს დასკვნისთვის. ამ გრაფიკით, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისიასაც და ეუთო/ოდირიც შეძლებენ დროულად მოგვაწოდონ პასუხი, რომ ნოემბრის ბოლოს შევძლოთ მესამე მოსმენით კანონის მიღება. გვაქვს მნიშვნელოვანი იდეები, რომელიც შემუშავდა ამ პროექტის ფარგლებში და რთულიც არის, რომ რაიმე დიდი წუნი მოეძებნოს. მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდო ყველას, ვისაც სურს ამ პროცესში იყოს ჩართული, მოემზადონ სხდომისთვის და მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში,”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობების ცვლილებებზე მუშაობის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, გივი მიქანაძეს პროცესის გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხზე მიღწეულია იქნა შეთანხმება, თუმცა, ჯგუფი რიგ საკითხებთან მიმართებაში, ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ელოდება კონკრეტულ პოზიციებს.

„ეს არის საკმაოდ ფართო სპექტრის შემცველი კანონპროექტი. ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართული იყო და ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც გამომდინარეობდა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან და ის პაკეტი, რომელიც დაინიცირებულია იურიდიული კომიტეტის სახელით და პირველი მოსმენით ბიუროს გადაწყვეტილებით უკვე იურიდიული კომიტეტის ფარგლებში იქნება განხილული, ფაქტიურად არის უკვე შეჯერებული პოზიცია. რიგ საკითხებთან მიმართებაში, კოლეგა ოპოზიციონერი დეპუტატებისგან ველოდებით კონკრეტულ პოზიციებს”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ორშაბათს დაიწყებს.

„ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დავიწყებთ ორშაბათს. საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილებები განიხილება, მომდევნო კვირას, ბიუროს ექნება შესაძლებლობა ეს საკითხი შეიტანოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში ისე, რომ შემდგომ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში მოსაზრებებისთვის. ჩვენ შემდგომ კვირაში შეგვეძლება პირველი მოსმენით მხარი დავუჭიროთ შემოთავაზებულ ცვლილებებს”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები